იუსტიციის სახლი განმარტავს, რის საფუძველზე გამოცხადა ევაკუაცია

იუსტიციის სახლში ევაკუაცია ბომბის შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე გამოცხადდა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“გაცნობებთ, რომ, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.

თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ -112-ს.

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები