ირაკლი ქადაგიშვილი: უკიდურესად სამარცხვინოა დავით დარჩიაშვილის განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრის, დავით დარჩიაშვილის “ფეისბუქ” პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა რომ დარჩიაშვილის განცხადება სამარცხვინოა.
“უკიდურესად სამარცხვინოა დავით დარჩიაშვილის განცხადება და მით უმეტეს, ის შედარება, რაც მან მოიყვანა, როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, სამართალზე, დემოკრატიაზე, არ შეიძლება, რომ ადამიანის სიცოცხლე ასე იყოს გაწირული და შემდეგ ამ სიცოცხლეზე ასეთი ვულგარული განცხადებები აკეთო. ის კოლექტიური დანაშაული, რაც ქართველი ხალხის წინაშე მათ ჩაიდინეს, არ მოუნანიებიათ და პირიქით. ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის წამოსცდებათ ხოლმე, რომ ისინი არიან სწორედ მათივე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრენი და გამგრძელებლები. ეს არის რეალურად ის სახე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც შენ შეგიძლია, ისაუბრო ადამიანის მკვლელობაზე და მოტივაციად მოგყავდეს, მათ შორის, ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ამ მკვლელობის გასამართლებლად მოყვანილი ის ცრუ ბრალდება, რა ცრუ ბრალდებითაც მაშინ ემუქრებოდნენ მის ოჯახს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ეწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?”.