პარლამენტის დელეგაცია ატლანტაში, ჯორჯიის შტატის წყლის რესურსების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ატლანტაში ჯორჯიის შტატის წყლის რესურსების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჯორჯიის შტატსა და საქართველოში არსებული წყლის რესურსებისა და მყარი ნარჩენების მართვის არსებული სისტემები და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმები.
“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა ამერიკულ მხარეს გააცნო წყლის რესურსების მართვის საქართველოში მოქმედი სისტემა და მიმდინარე რეფორმის ის ძირითადი სიახლეები, რომლებიც წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის საფუძველზე განხორციელდება და რომლის შედეგად წყლის რესურსების მართვის ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული თანამედროვე სისტემა ჩამოყალიბდება. საუბარი ასევე შეეხო მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრაქტიკას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნაგავსაყრელთა მოწყობისა და ოპერირების გამოცდილებაზე.
შეხვედრაზე ქართველმა კანონმდებლებმა და შტატის წარმომადგენლებმა, წყლის რესურსებისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროში ორივე ქვეყნის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის შესახებ სურვილი გამოთქვეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.