მამუკა მდინარაძე: ხაბეიშვილი და ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსები, არიან ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, იმედი აქვთ, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს

ხაბეიშვილი და ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსები, არიან ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, იმედი აქვთ, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თორემ სხვა შემთხვევაში, რა წარმატებაზე საუბრობენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერში შიდა გადაჯგუფება მიმდინარეობს, ხაბეიშვილი-ვაშაძე კი რადიკალური განწყობების ჯგუფის წამოყვანას შეეცდება.

„სააკაშვილმა რაც დაუკვეთა თავის ლობისტებს ის რომ გამოსვლოდათ, ანუ საქართველოს დასანქცირება, დასანქცირებული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსგავსი ვერაფერი შეძლონ მათ. სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის მტრობა და არანაკლებია ეს, რომელი უარესია, არ ვიცი. მისი [სააკაშვილის] პარტიის წევრები არიან ხაბეიშვილი-ვაშაძე და ეს პარტიაც იმის მოლოდინშია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, სხვა შემთხვევაში მათში წარმატების ფორმულა არ არსებობს. არ მინდა პიროვნულზე გადავიდე, მაგრამ შევაფასებ როგორც პოლიტიკოსებს. ღმერთმა გაუმარჯოთ თავის ოჯახებში, სანათესავოში და სამეგობროში. ხაბეიშვილი და ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსები, არიან ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, ხედავთ რა კატეგორიის ხალხია. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერები რომ ეს ორი ადამიანია, ასეთი რაღაცების [საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის არმიღების] მოლოდინი აქვთ, თორემ სხვა შემთხვევაში, რა წარმატებაზე საუბრობენ. უნდა გავუშიფრო რაღაცნაირად გეგმები. ჩემი ერთ-ერთი ვერსიით, „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერში შიდა გადაჯგუფება მიდის. ხაბეიშვილი-ვაშაძე – ყველაზე რადიკალური, ყველაფრის მკადრებელი ჯგუფია და რადიკალური განწყობების ჯგუფის წამოყვანას შეეცდებიან. შეიძლება ვიხილოთ ასევე იქით მარგველაშვილი, გახარია, რომელიც გუშინ ჩვენს მიერ დასახელებული პრემიერ-მინისტრი იყო, დღეს რომ კოალიციები აქვს რამდენიმე რაიონში „ნაცმოძრაობასთან“. ეს გაერთიანება შეიძლება დალაგდეს „ლელოს“ საფარ ქვეშ, მსგავსი ტიპის პოლიტიკოსები შეიკრიბონ და იქით ვითომ ლიბერალები „გირჩის“ თამადობით და პიონერობით შეიკრიბებიან, სადაც ლიბერალურ ჯგუფზე იმუშავებენ. ასეთი დაჯგუფებები აძლევთ მათ იმედს, რომ ამ ორმა-სამმა დაჯგუფებამ შეიძლება გარანტირებულად გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საბოლოო ჯამში, მათი გათვლით „ნაცმოძრაობის“ ორმა, სამმა, ან მაქსიმუმ ოთხმა ჯგუფმა შეიძლება მოუგოს არჩევნები „ქართულ ოცნებას“, მაგრამ რეიტინგები ხომ აქვთ?!“ – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები