“ახალი თაობა განსხვავებულია, ბევრად თავდაჯერებულნი მოდიან გამოცდებზე” – ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი
28 ივლისს 2023 წლის გამოცდები სრულდება. გასული წლების მსგავსად, პროცესის ადმინისტრირებაში 3 500-მდე პირია ჩართული. მათ შორის მონაწილეობენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც რამდენიმე წლის წინ თავად იყვნენ აბიტურიენტები. ისინი 2023 წლის გამოსაცდელების ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი ლიზი ლომთათიძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ამბობს, რომ ახალი თაობა განსხვავებულია და აშკარაა, რომ გამოცდებზე თავდაჯერებულები მიდიან.
“19 წლის ვიყავი, როცა საგამოცდო ცენტრში დავიწყე მუშაობა, მაშინ ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვსწავლობდი. მეექვსე წელია, რაც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ვარ ჩართული.
წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. რადგანაც აბიტურიენტობის გზა არც ისე დიდი ხნის წინ გავიარე, განსაკუთრებით კარგად მესმის მათი. დღეს ბოლო გამოცდა ჩააბარეს, თუმცა, ვიცი, რომ სააბიტურიენტო ღელვა ამით არ სრულდება. წინ გამოცდების პირველადი შედეგებია. მინდა დავამშვიდო თითოეული და ვურჩიო, ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას სათანადოდ და ღირსეულად შეხვდნენ. ახალი თაობა განსხვავებულია. აშკარაა, რომ ბევრად თავდაჯერებულნი მოდიან გამოცდებზე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს”, – აღნიშნა ლომთათიძემ.
წყარო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი