რიწის პარკსა და ახალი ათონის მღვიმეში ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია
ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის პარკსა და ახალი ათონის მღვიმეში ვიზიტორების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით შემცირებულია.
რიწის ეროვნული პარკის დირექტორის, ადამურ ბაგათელიას თქმით, 2023 წლის დასაწყისიდან 21 ივლისის ჩათვლით ტერიტორიას 227 983 ადამიანი ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38 277-ით ნაკლებია.
მისი ვარაუდით, აღნიშნული უკავშირდება კლიმატის ცვლილებებს, ასევე – პოლიტიკურ მოვლენებს.
რაც შეეხება ახალი ათონის მღვიმეს, როგორც ობიექტის დირექტორის მოადგილემ, დამეი სმირმა თქვა, წლის დასაწყისიდან 21 ივლისის პერიოდში 151 174 ვიზიტორი იყო, მაშინ როდესაც 2022 წელს ანალოგიურ პერიოდში 159 429 ადამიანი იყო.
მისი აზრით, ამ ტენდენციის მიზეზი შესაძლოა, იყოს რუსეთის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” და არასტაბილური ამინდი.