მაკა ბოჭორიშვილი: ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს რეკომენდაციებზე
“ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია და აღქმა გვქონდეს იმ რეკომენდაციების, რომელიც გაიცა საქართველოსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო კუთხით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებისთვის ეპასუხა.
„ვაგრძელებთ კონსულტაციებს ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია და აღქმა გვქონდეს იმ რეკომენდაციების, რომელიც გაიცა საქართველოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ შეფასებების შემდეგ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოვისმინეთ ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან, რამაც უფრო მეტი სინათლე შემოიტანა ამ პროცესში. დავინახეთ, რა რეკომენდაციებზე შეგვიძლია ჩავთვალოთ მუშაობა დასრულებულად. არის ისეთი რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შესრულების დინამიკის დაკვირვებას, მაგრამ როგორც პარლამენტის წარმომადგენელმა, შემიძლია ვთქვა, რომ საკანონმდებლო კუთხით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებისთვის ეპასუხა და ყველა რეკომენდაციაზე გვქონოდა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო კუთხით და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობის, კონსულტაციების გაგრძელება იმისათვის, რომ როდესაც ვთქვათ რაღაც რეკომენდაციას მივიღებთ, უფრო მეტად ვიცოდეთ რა ნაბიჯების გადადგმა იგულისხმება, რადგან არსებობს ხანდახან ბუნდოვანება შეფასებებს შორის მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ამავდროულად, კეთდება რეკომენდაციები, რომ ამ მიმართულებით კიდევ რაღაც არის გასაკეთებელი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.