ბექა ოდიშარია: სააკაშვილი არის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში საქართველოში, ლუქს პალატაში, პატარა ბავშვივით უვლიან  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა. 

“ის, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობასა და ყოფაზე,  თავისთავად ცხადია. თუ ყურადღებით აკვირდებიან, მაშინ უნდა დაინახონ, რომ სააკაშვილი არის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის კლინიკაში საქართველოში, ლუქს პალატაში, უამრავი ექიმის ყურადღების ქვეშ ელოლიავებიან, პატარა ბავშვივით უვლიან და ის როგორ ექცევა, კი ხედავთ და დანარჩენი, რას აკვირდებიან, ვერ გავიგე. კი ბატონო, დააკვირდნენ, დაკვირვებას ვინ დაუშლის, ღიაა პრაქტიკულად პროცესი, მისი მოვლა-პატრონობის, გასეირნების, კვების, მშობელთა კრების თუ პოლიტიკური ჯგუფების მასთან შესვლის. ამის გარდა, მინდა ვუთხრა ჩვენს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, რომ მის გარდა ამას აკვირდება ძალიან ბევრი ადამიანი, ქართული საზოგადოება აკვირდება ობიექტურად. ყველანაირი რეკორდი მოხსნა სააკაშვილმა მნახველების მიხედვით, დღეში სამი მნახველი ჰყავს და თუ არ ვცდები, 2500-ს ასცდა, მსგავსი პრეცედენტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. ვეთანხმებით იმაში, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა პატიმრის ჯანმრთელობა და ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც აქამდე ამას ვაკეთებდით ყველანაირი დაკვირვების გარეშე, რომ ყველანაირი სერვისი მიიღოს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება”, – განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან სააკაშვილის საქმეს და ძალიან აშფოთებთ მისი ჯანმრთელობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები