პარლამენტის წევრები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ მრჩეველს, სერ ფილიპ ბარტონს შეხვდნენ

პარლამენტის წევრები  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მთავარ მრჩეველს, ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს, სერ ფილიპ ბარტონს და NDI-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, – ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

“შეხვედრაში, რომლის მთავარ თემას საპარლამენტო ზედამხედველობა წარმოადგენდა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე – გივი მიქანაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე და  „რეფორმების ჯგუფის” წევრი – თეონა აქუბარდია მონაწილეობდნენ.

 „ბრიტანელ დიპლომატს გავუზიარეთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის ფორმატში განხორციელდა და გავაცანით ის გეგმები, რაც მეათე მოწვევის პარლამენტში შესაბამის კომიტეტსა და ოპოზიციას აქვს დაგეგმილი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა გივი მიქანაძე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ  აღნიშნა, ბრიტანეთის მთავრობა და NDI არის საქართველოს მთავარი პარტნიორი სხვადასხვა კომიტეტისთვის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით.

 „საინტერესო განხილვა გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, საპარლამენტო მუშაობის გამჭვირვალობა, გარემოს დაცვა,  თავდაცვა და უსაფრთხოება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

 „რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი  საქართველოს პარლამენტის გაძლიერებაში საკმაოდ აქტიური მხარდამჭერია.

 „პირადად მე კრიტიკული პოზიცია  გამოვთქვი. პრობლემები გვაქვს, როდესაც  მინისტრები არ მოდიან კომიტეტზე, ასევე ინტერპელაციასთან დაკავშირებით  ხშირად  არის დაგვიანება. პრობლემებია ზედამხედველობის კუთხით ოპოზიციის ჩართულობის ნაწილში. ბრიტანეთის დახმარება საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების გზაზე არის უმნიშვნელოვანესი”, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.  

 შეხვედრას ასევე ესწრებოდა  დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები