სოფელ უზუნთალის საჯარო სკოლის დირექტორი, სარვან მამედოვი: სახელმწიფო ენის ფლობა აუცილებელია საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის
“სარვან მამედოვი ეროვნებით აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა. იგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში ცხოვრობს. საქართველოში დაიბადა და უმაღლესი განათლებაც საქართველოში მიიღო, თუმცა არაქართულენოვან სექტორში. პროფესიით იურისტი, სოფელ უზუნთალის საჯარო სკოლის დირექტორი, მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ქართული ენის სრულყოფილად შესასწავლად ჯერ კიდევ 2017 წელს ჟვანიას სკოლის მსმენელი გახდა. როგორც თავად ამბობს, თვლიდა, რომ ეს იყო საუკეთესო გზა, გამხდარიყო ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე და მიეღწია წარმატებული კარიერისთვის”, – ინფორმაციას სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.
,,აუცილებელია სახელმწიფო ენის კარგად შესწავლა, თუ გსურს იყო საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქე. მუდმივად ვეძებ სიახლეებს და მსურს, როგორც მოქალაქემ, ბოლომდე შევასრულო ჩემი მოვალეობები, ამისთვის კი სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია. ჟვანიას სკოლაში გავიარე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სხვადასხვა კურსი, რაც დამეხმარა სიტუაციებში სიღრმისეულად ჩაწვდომასა და მათ გაანალიზებაში, ქართველ მეგობრებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში. მიღებული ცოდნა მეხმარება საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია , კანომდებლობის ფარგლებში სკოლის სწორ მართვასა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში”, – აცხადებს სარვან მამედოვი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჟვანიას სკოლაში ქართულს ასევე ეუფლებიან სარვანის ოჯახის წევრები, სხვადასხვა თაობის ადამიანები, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული სახელმწიფო ენის ფლობის მნიშვნელობა.
,,ქართულს სწავლობენ ჩემი მეუღლე, ძმა და ასაკოვანი დედა , რათა ქართულენოვან მოქალაქეებთან ურთიერთობა გაუმარტივდეთ. ზოგადად ვთვლი, რომ სახელმწიფო ენის ფლობა აუცილებელია საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის, რადგან ქართული ენის ცოდნა გვეხმარება პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში, კარიერულ წინსვლასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.“ – ამბობს თავად.
მათივე ცნობით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას დაარსების დღიდან ახორციელებს, რისი მთავარი მიზანიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციაა.