ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან, იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
“ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა იაპონიის ახალ ელჩთან, საქართველოში იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
“შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათ შორის, საუბარი წარიმართა ურთიერთობის გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და იაპონიის ბიზნესწრეების დაახლოების მნიშვნელობას და, ამ მხრივ, უფრო მეტი სავაჭრო მისიებისა და ბიზნესფორუმების გამართვას. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ინტერესი საქართველოს ეკონომიკის მიმართ იაპონელი ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს ტენდენცია გაგრძელდა და იაპონიიდან განხორციელებულმა ინვესტიციებმა 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ იაპონიიდან ყოველწლიურად ზრდადია ვიზიტორთა რიცხვი, თუმცა ითქვა, რომ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდებოდა პირდაპირი ავიარეისების არსებობის შემთხვევაში.
შეხვედრის ბოლოს მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.