ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა
ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა. გამოფენა გოგი გიორგობიანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე გოგი გიორგობიანს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო, გულსაბნევი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული და ეროვნული ფოტო არქივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის ეს ჯილდო დღეს გოგი გიორგობიანს გადაეცა.
გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტოდოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, ფოტომასალის გაციფრულება მიმდინარეობს და სულ მალე ნებისმიერ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დოკუმენტალისტის პერსონალურ კოლექციას გაეცნოს.
„ბატონმა გოგიმ მართლაც შეუფასებელი, უდიდესი ნაშრომი გადმოსცა ეროვნულ ბიბლიოთეკას. ასობით ისტორიული მნიშვნელობის ფოტოა, რომელიც მომავალში ისტორიკოსებს ბევრი ფაქტის გაანალიზებაში დაეხმარება. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახლა მიმდინარეობს ამ ფოტომასალის გაციფრულება და ვაკეთებთ ბატონი გოგის პერსონალურ კოლექციას. ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ნახოს ეს კოლექცია და გაეცნოს მის ნამუშევრებს. სწორედ იმიტომ, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქარი გაუკეთა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჩვენ გადავეცით სპეციალურ სამახსოვრო გულსაბნევი, რომელიც ბიბლიოთეკის ერთგულ მეგობრებს ეკუთვნით, მისი დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს ეს ჯილდო მიღებული, იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ გამორჩეულ მეგობრებს გადავცემთ ამ ჯილდოს“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
“ჩვენი სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მივულოცოთ ბატონ გოგი გიორგობიანს იუბილე, ის 80 წლის გახდა და მისი მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ზოგადად ჩვენ ქვეყანას. სწორედ ამ არქივს ის თავისი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადასცემს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. ჩვენ მილოცვასთან ერთად გვეკუთვნის, რომ მას ვუთხრათ მადლობა”, – განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
გასულ წელს ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის 79 წლის აღსანიშნავად წიგნის წარდგენა გაიმართა. ამ წიგნში მისი ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრებაა ასახული.
გოგი გიორგობიანმა გადაიღო ორი ათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.
ბევრისთვის უცნობია, რომ დმანისში აღმოჩენილი, 180 0000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრებისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის (ერთადერთი) კადრების ავტორი გოგი გიორგობიანია.











