“უკვე შესაძლებელი იქნება, გზებზე ჭარბკვამლიან ავტომობილებს აღარ ვხედავდეთ, ვფიქრობ, წლის ბოლოსკენ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება” – ვაჟა იორდანიშვილი ახალ რეგულაციას აფასებს
“გასაგებია, რომ მყისიერი შედეგი ვერ დადგება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. შეიძლება, ათწლეულზეც იყოს საუბარი, თუმცა, ვფიქრობ, ელემენტარულად ის, რომ გზებზე ჭარბკვამლიან ავტომობილებს აღარ უნდა ვხედავდეთ, უკვე შესაძლებელი იქნება, ვფიქრობ, წლის ბოლოსკენ მდგომარეობა უკვე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება”, – ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ვაჟა იორდანიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმ რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც 4 სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვი გაკონტროლდება.
მისი თქმით, 2025 წლიდან ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესება ეტაპობრივად საგრძნობლად უნდა მოხდეს, რადგან ყველა ავტომობილი კატალიზურ გარდამქმნელზე შემოწმებას დაექვემდებარება.
“გზებზე მოჭარბებული კვამლიანობის ავტომობილები რეალურად დიდი გამოწვევაა, რომელიც ტექინსპექტირების რეფორმის დაწყებიდან დღემდე რჩება. ამის გამომწვევ მიზეზებზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. ერთ-ერთი მთავარი მაინც ისაა, რომ რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 600 000-ია და ტექინსპექტირებას ნახევარი გადის. ანუ, გამოდის, რომ 800 000 ავტომობილი ან ტექინპსექტირების გარეშე გადაადგილდება, ან აქედან რაღაც რაოდენობა, ალბათ, ფიზიკურად აღარ არსებობს, უბრალოდ, რეგისტრაციიდან მოხსნილი არაა. თუმცა, ავტომობილების გარკვეული რაოდენობა მაინც რჩება, რომლებიც ტექინსპექტირებაზე არ მიდიან. აქედან გამომდინარე, ბევრი მექანიზმი ჩაირთო იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევები, გზებზე მოჭარბებული კვამლიანობის ავტომობილები აღარ გვქონდეს. კერძოდ ის, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე გამონაბოლქვის ნორმის პარამეტრები იცვლება და ყოველ წელს გამკაცრება ხდება. თუ რეფორმის დასაწყისში co-ს შემცველობის დასაშვები მაქსიმალური ზღვრული ნორმა 0, 8 % იყო, დღეს უკვე 0,55% -ია , 2024 -დან ეს მაჩვენებელი 0, 5 %-ზე ჩამოდის, ხოლო 2025-დან ყველა სატრანსპორტო საშუალება კატალიზურ გარდამქმნელზე შემოწმებას და მის გამართულ მუშაობას დაექვემდებარება. გარდა ამისა, 2020 წლიდან ყველა პირველად რეგისტრირებულ ავტომობილზე ასევე კატალიზური გარდამქმნელის გამართული მუშაობაა მოთხოვნილი. აღნიშნულს დაემატა ის, რომ ამ წელს კატალიზატორების ექსპორტზე გატანა აიკრძალა. ამან, რა თქმა უნდა, კატალიზატორების მოხსნასა და მათ რეალიზაციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სექტემბრიდან გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი იწყება და ეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა. შეიქმნა ეკიპაჟები, რომლებიც დიდი ქალაქებში ივლიან. პირველ ეტაპზე 4 დიდი ქალაქი შეირჩა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი. მოჭარბებული კვამლიანობის მქონე ავტომობილებს გააჩერებენ და გამონაბოლქვის პარამეტრებზე გადაამოწმებენ. ამისთვის მაღალტექნოლოგიური გამზომი ხელსაწყოებია შეძენილი. ჯარიმები საკმაოდ მაღალია. პირველ ჯერზე ფიზიკურ პირზე 100 ლარია და შემდეგ სამმაგდება. იურიდიული პირისთვის 500 ლარია და ესეც შემდეგ ჯერზე სამმაგდება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მძღოლებს, რომ ყურადღებით იყვნენ, ავტომობილების ძრავის მუშაობა გადაამოწმონ და გამართონ, რათა ამ სანქციების ქვეშ არ მოხვდნენ. ამ ნაბიჯებმა შედეგი უნდა მოგვცეს, ეკოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, გვაქვს საგანგაშო სტატისტიკა რომლის მიხედვითაც, ატმოსფეროში მავნე აირების ემისიები მატულობს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ეს კომპლექსური ღონისძიებები პრევენციის მიზნით იქნა შემუშავებული. გასაგებია, რომ მყისიერი შედეგი ვერ დადგება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. შეიძლება, ათწლეულზეც იყოს საუბარი, თუმცა, ვფიქრობ, ელემენტარულად ის, რომ გზებზე აღარ უნდა ვხედავდეთ ჭარბკვამლიანობის ავტომობილებს, ეს უკვე შესაძლებელი იქნება, ვფიქრობ, წლის ბოლოსკენ უკვე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება, ხოლო 2025 წლიდან ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესება ეტაპობრივად საგრძნობლად უნდა მოხდეს, რადგან ყველა ავტომობილი კატალიზურ გარდამქმნელზე შემოწმებას დაექვემდებარება”, – განაცხადა იორდანიშვილმა.
მანვე განმარტა, როგორ შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა.
“რეფორმის დასაწყისში მანქანების დახარვეზების მაჩვენებელი მაღალი იყო, დაახლოებით 35 %-ის ფარგლებში. მას შემდეგ, რაც განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი გახდა, ეს მაჩვენებელი 20-25 %-ის ფარგლებში მერყეობს. რადგან მძღოლებმა იცოდნენ, რომ განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება უფასო იყო, დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ელემენტარულ უწესრიგობებს, როგორიცაა მაგალითად მაშუქი ფარები, ინტერიერში, ან ექსტერიერში ისეთი დეტალები, რომლის ხარვეზების გამოსწორებაც თავადვე შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი გახდა, ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვაქვს. ისეთი ხარვეზები რაც ვახსენე, უკვე ნაკლებადაა. დახარვეზების მაჩვენებელიც შემცირებულია. მომართვიანობა, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე ნიშნულზე იყო. ივნისის თვეში ადმინისტრაციული დარღვევების გამკაცრებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულება დაანონსდა. ერთი ის, რომ ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმები გაიზარდა, პირველადი ჯარიმა ისევ 50 ლარია, მაგრამ ყოველი შემდგომი დაჯარიმება სამმაგდება. ასევე დაანონსდა, რომ განმეორებითი ტექინსპექტირებისას დახარვეზების შემთხვევაში ვადები მცირდება: იყო 30 – დღიანი, ახლა 10 დღემდე ჩამოდის. სექტემბრისთვის ახალი რეგულაციაც ამოქმედდება, რომელიც გზებზე გამონაბოლქვის კონტროლს ეხება. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ აპრილსა და მაისში წინა წელთან შედარებით მომართვიანობის საერთო მაჩვენებლების დაახლოებით 20 %-მდე ზრდა იყო, ივნისში 10 -%-ის ფარგლებში ჩამოიწია. ივლისში ჯერჯერობით იმის ანალოგიური მაჩვენებლებია, რაც 2022 წლის ივლისის თვეში იყო”, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა, მესამე მოსმენით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ.
სამინისტროს ცნობით, კონტროლი 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.
სანქციები შემდეგნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით, კვლავ განმეორების შემთხვევაში – 600 ლარით; იურიდიული პირი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით.