ComCom-ის მედიაწიგნიერების კონკურსში “ნამდვილი თუ მოგონილი?!” 110-მდე მონაწილიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდა
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი” უკვე მეცხრედ, წარმატებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 110-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კონკურსანტების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სამ გამარჯვებულთან ერთად, სპეციალური პრიზის მფლობელი გამოავლინა, რომელთაც ComCom-მა ულტრათანამედროვე ტექნიკა გადასცა.
კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, მათთვის სასურველი ფორმატით, უნდა წარმოედგინათ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსში პირველი ადგილი მარიამ ჩაგუნავამ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომი ვატიკანის არქივზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხებოდა. მარიამმა აღმოაჩინა “ინტერმედიაში” გამოქვეყნებული სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანელმა ჰაკერმა ვატიკანის არქივში შეაღწია და აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ 25 ათასი წლის წინ, არსებობდა ცივილიზაცია, რომელიც ჩვენს ამჟამინდელ ტექნოლოგიურ განვითარებას უსწრებდა. მარიამმა გადაამოწმა როგორც სტატიის ავტორი, ასევე, სტატიაში მოყვანილი ფაქტები, ვიზუალური მასალა და ნაშრომი ვიდეოს სახით წარმოადგინა. მარიამ ჩაგუნავას კომუნიკაციების კომისიამ iPhone 14 Pro გადასცა. მეორე ადგილზე ლუკა გოგატაძე გავიდა, რომელმაც საკონკურსო ვიდეოში ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიოში” გავრცელებული სტატია წარმოადგინა. ამბავი ეხება ტუნისის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, იტალიაში არსებულ შეშფოთებას. ინფორმაციის სიზუსტეში დასარწმუნებლად, ლუკამ ავტორის გადამოწმების შემდეგ, მოიძია სტატიის ანალოგი რუსულენოვანი წყარო, შემდგომ კი, სტატიაში გადმოცემული ინფორმაციის სიყალბე სანდო წყაროებზე დაყრდნობით დაამტკიცა. ლუკა გოგატაძემ ComCom-ისგან HP-ის ლეპტოპი მიიღო. მესამე ადგილი მარიამ სააკიანმა მოიპოვა. მან სოციალურ ქსელში გავრცელებული იმ ინფორმაციის სიყალბე დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სახელმწიფო საზღვარზე სომეხი დივერსანტების ქმედება აღკვეთეს. ინფორმაციის სიყალბეში დასარწმუნებლად, მარიამმა პირველწყარო – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი და აზერბაიჯანული მედია გადაამოწმა, სადაც, აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა. შემდგომ, სომხური მედიისა და სომხეთის თავდაცვის ოფიციალურ გვერდებს გაეცნო და დარწმუნდა, რომ საქმე დეზინფორმაციას ეხებოდა. მესამე ადგილისთვის მარიამ სააკიანს საჩუქრად iPad 10.2 გადაეცა. გარდა სამი გამარჯვებულისა, ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ემილ ასკაროვის ნამუშევარმაც, რომელმაც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე დაამტკიცა. სტატიის მიხედვით, აზერბაიჯანის მთავრობა, საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებდა. ემილმა გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეში დარწმუნება სანდო წყაროების შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე შეძლო. იგი კომუნიკაციების კომისიამ სპეციალური პრიზით – Acer-ის ლეპტოპით დაასაჩუქრა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც თბილისის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების სკოლებიდან. კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” მოზარდებში ანალიზის, ფაქტების გადამოწმების უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. კონკურსი ექვსჯერ სკოლის მოსწავლეებისთვის, ხოლო სამჯერ სტუდენტებისთვის ჩატარდა და სულ 700-მდე მონაწილე ჰყავდა. კონკურსის პარალელურად, ComCom-მა სკოლებსა და უნივერსიტეტებში 150-მდე სემინარი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.