გიორგი ჩაკვეტაძე და ბაია კვიციანი მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტების გამოფენას დაესწრნენ
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტების გამოფენას დაესწრნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, STEAM კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა.
კონფერენციაში 60 სკოლის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა შესაბამისი სფეროს სპეციალისტებისგან კონსულტაციები და შეფასებები მოისმინეს და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად სამომავლოდ ახალი პროექტები დაგეგმეს.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, სკოლებში STEAM საგნების ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლება და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად STEAM პროექტების სასწავლო პროცესში ინტეგრირება, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, 2022 – 2023 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს STEAM ექსპერტებმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შესაბამისად მომზადებულ STEAM პროექტებზე მუშაობა შესთავაზეს.
პროექტებზე მუშაობის სურვილი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეულმა სკოლამ გამოთქვა. აღნიშნული სკოლების STEAM საგნების მასწავლებლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების მიერ გადამზადდნენ.
ღონისძიებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.