მარიამ ლაშხმა „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის” 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მან ასოციაციას 10 წლის იუბილე მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მარიამ ლაშხმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოების ინტერესი პროფესიული განათლების მიმართ გაიზარდა, თუმცა რჩება გამოწვევები, რომელთა დაძლევაც მნიშვნელოვანია.
„პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დასაქმების მაჩვენებლის ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. განათლების ეს საფეხური შესაძლებლობას იძლევა ყველაზე ხანმოკლე პერიოდში მიაწოდოს შრომის ბაზარს მის საჭიროებებზე მორგებული კვალიფიციური კადრები, რაც ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მისი თქმით, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს თავისი საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად სწორედ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა აქვს განსაზღვრული.
მარიამ ლაშხმა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირება და დაფინანსების მოდელის ანალიზის” შესახებ ისაუბრა. მან ღონისძიების მონაწილეებს კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა და კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგი გააცნო.