რა დაავადებაა ტრიქინელოზი, რა გზით ემართება ადამიანს და როგორ ავირიდოთ რისკები ხორცის შეძენისას – FAO-ს წარმომადგენლის განმარტება
რა დაავადებაა ტრიქინელოზი, რომლის მეხუთე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, რა სიმპტომები ახასიათებს და რა გზით შეიძლება, დაემართოს ადამიანს – ამ საკითხების შესახებ განმარტება „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პროექტის მენეჯერმა, ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ტრიქინელოზი დაავადებული პირუტყვის ხორცის საკვებად მიღებისას გადადის.
“პირველ ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა საგანგაშო არაა. თავიდანვე ვიტყვი, რომ მსოფლიოში სადღაც 10 000-მდე მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, ევროკავშირშიც. მაგალითად, 2020 წელს 114 თუ 117 შემთხვევა იყო, აქედან 80-მდე – იტალიაში. ძირითადად, მონადირეები ავადდებოდნენ. ეს მრგვალი ჭიების პარაზიტით გამოწვეული დაავადება გახლავთ. მის ენდემურობას მღრღნელები განსაზღვრავენ. უფრო მეტად წარმოდგენილი სწორედ მღრღნელებშია. ემართებათ იმ ცხოველებს, რომლებიც ყველაფრით იკვებებიან. ამიტომაც არის, რომ დაავადების ერთ-ერთი მთავარი გადამტანი სწორედ ღორია. ეს დაავადება უფრო გავრცელებული იყო, უფრო მეტი შემთხვევა გვხვდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპაში, მსოფლიოში ფერმები ინტენსიურად გაჩნდა, სადაც მღრღნელების შეღწევადობა ნაკლებია, დაავადებამ ათი ათასობით შემთხვევებიდან დაიკლო და ერთეულ შემთხვევებამდე ჩამოვიდა. საქართველოში ბოლო შემთხვევა როდის იყო, ვერ ვიხსენებ. ის ძირითადად მონადირეებში გვხვდებოდა, რადგან ხორცს არ ამოწმებდნენ. მახსოვს, ვისაც ღორი ჰყავდა, როდესაც დაკლავდნენ, ხშირ შემთხვევაში ვეტერინარს ამოწმებინებდნენ. მარტივად მოწმდება, განივზოლიან კუნთში აკვირდებიან და ადგენენ, დაავადებულია თუ არა პირუტყვი. საოჯახო მეურნეობებში ხშირად მღრღნელები შეაღწევენ ხოლმე, ღორი ისეთი ცხოველია, რომელიც ყველაფერს ჭამს. მისთვის კანიბალიზმია დამახასიათებელი. ტრიქინელოზი მხოლოდ ხორცის ჭამით გადადის.
დაავადებას რაც ეხება: როგორც ცხოველში, ისე ადამიანში იგივე პროცესები მიდის. ადამიანს კუჭის ტკივილი პირველად მაშინ ეწყება, როდესაც ტრიქინელა ცდილობს, კუჭის ლორწოვან გარსში შეაღწიოს. ჩნდება გულის რევის შეგრძნება, კუჭის ტკივილი. შემდეგ ეს ნაწლავებში გადადის. 2 კვირის შემდეგ მრავლდებიან, გადადიან კუნთებში, თავის ცხოველქმედებას იწყებენ. ძალიან პათოგენური და ძლიერ ალერგენულია. განივზოლიან კუნთებს აზიანებენ. შეიძლება, გულის კუნთშიც კი დაფიქსირდეს, მაგრამ ხშირად გამოხატულია ქუთუთებზე, კისრის მიდამოში. ძირითადად, დიაფრაგმის ნაწილში იყრიან თავს. განივ კუნთებში 20-30 წელს ცხოვრობენ. ამ დაავადებით ბოლოს გარდაცვალების შემთხვევა როდის იყო, ვერ ვიხსენებ, თუ გართულდა, გარდაცვალება არ არის გამორიცხული. დაავადება მკურნალობას ექვემდებარება, ეს უკვე სამედიცინო სფეროს საკითხია”, – განაცხადა მიხეილ სოხაძემ.
მანვე განმარტა, რა უნდა გავითვალისწინოთ ხორცის შეძენისას, რათა რისკები თავიდან ავიცილოთ.
“თუ ღორები ფერმაში არ იზრდებიან და ისეთ პირობებში არიან, სადაც მღრღნელების შეღწევადობა მაღალია, იზრდება ალბათობა, რომ ამ პარაზიტით დაავადდნენ.
ნებისმიერი ცხოველის ხორცი, რომელიც იყიდება, სასაკლაოზე დაკლული უნდა იყოს, სადაც დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება ვეტერინარის მიერ ხორციელდება. ის, რომ ვეტერინარს ტრიქინელოზი გაეპარა, მეეჭვება. ჩემი აზრით, ვინც ხორცი გაყიდა, მან ეს ხორცი არაკეთილსინდისიერი გზით მოიპოვა, ის სადღაც იყო დაკლული და არ უნდა გაყიდულიყო იქ, სადაც იყიდებოდა. სავარაუდოდ, ეს ღორები სასაკლაოზე დაკლული არ იყო.
წესების დაცვა ყოველთვის საჭიროა. ხორცი უნდა ვიყიდოთ იქ, სადაც შესაბამისი პირობებია დაცული. ხორცი აუცილებლად დახლში უნდა იყოს განთავსებული, 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე. თუ პირუტყვი სასაკლაოზე დაიკლა, ყველა ხორცპროდუქტს ეტიკეტი მოჰყვება. სასაკლაოზე დაკლული ღორის ხორცისგან ადამიანი ტრიქინელოზით არ უნდა დაავადდეს, ეს უკვე აქსიომაა”, – განაცხადა სოხაძემ.
ცნობისთვის, “სურსათის ეროვნული სააგენტოს”
ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ტრიქინელოზის მეხუთე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, არ შეიძინოს ხორცი არაორგანიზებულ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი -” ფორმა 2″
ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა , დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) ხორცის საკვებად მიღებისას.
ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს”, – წერია სააგენტოს ინფორმაციაში.
თამუნა შეყილაძე