ნინო ჩხობაძე: ამ ეტაპზე ჩვენი სანაპირო ნამდვილად დაცულია, ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა, ვიყოთ მშვიდად

ჩვენი სანაპირო ამ ეტაპზე ნამდვილად დაცულია, ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად მაღალია საქართველომდე მავნე ნივთიერებების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების მოღწევის საფრთხე კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ და რა ფაქტორების გამო არ ემუქრება ამ ეტაპზე ჩვენს სანაპირო ზოლს საფრთხე.

„ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“, – განაცხადა ჩხობაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია კლიმატურმა პირობებმა ზღვის დინების მიმართულებაზე გავლენა მოახდინოს და საქართველომდე მავნე ნივთიერებების მოღწევა დააჩქაროს.

„ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა. ასე რომ, აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი არ მოხდა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იარაღად გამოიყენოს, როგორც კახოვკა გამოიყენა. მაშინ უკვე ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები