ზელენსკი – უოლესის საყვედურზე: დაე მომწეროს, შეიძლება დილით გავიღვიძოთ და მინისტრს მადლობა პირადად გადავუხადოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დიდი მადლიერია ბრიტანეთისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის.
სახელმწიფოს მეთაურს სთხოვეს რეაგირება მოეხდინა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის სიტყვებზე, რომელმაც უკრაინას მოუწოდა, პარტნიორების მიმართ სამხედრო მხარდაჭერისთვის მეტი მადლიერება გამოეხატა, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად მოეთხოვა ახალი ტიპის იარაღის მიწოდება.
„ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის დიდი მადლიერი ვიყავით გაერთიანებული სამეფოს, ყოველთვის მადლობელი ვიყავით პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის, ბატონი უოლესის…
უბრალოდ არ ვიცი რას გულისხმობს, სხვაგვარად როგორ უნდა გადავუხადო მადლობა. დაე მომწეროს… შეიძლება დილით გავიღვიძოთ და მინისტრს მადლობა პირადად გადავუხადოთ.
ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, მათი მადლობელი ვართ, იქნებ მინისტრს რაღაც განსაკუთრებული უნდა… მაგრამ ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენ მადლობელი ვართ ხალხის. საბოლოო ჯამში, ხალხის დიდი მხარდაჭერა გავლენას ახდენს ნებისმიერი სახელმწიფო ხელმძღვანელობის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ.