“უკრაინა თავად გადაწყვეტს, როდის დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, ეს ნატოსთან დაკავშირებული არ არის” – სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის და როგორ წარმართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.
ამის შესახებ მან ვილნიუსში სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიხსენა სამიტის გადაწყვეტილებები და უწოდა მათ “ყველა დროის ყველაზე ძლიერი სიგნალი უკრაინასა და მის წევრობასთან დაკავშირებით”, კერძოდ, მრავალწლიანი პრაქტიკული მხარდაჭერის, უკრაინა-ნატოს საბჭოს შექმნისა და სამოქმედო გეგმის გაუქმების საკითხში.
“რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ისინი მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც უკრაინა იქნება მზად მოლაპარაკებებისთვის. როგორც არაერთხელ მითქვამს, “არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ რაც უფრო მეტ სამხედრო დახმარებას გავუწევთ უკრაინას, მით მეტ ტერიტორიას გაათავისუფლებს და უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამიტომ, ჩვენ ამას ვაგრძელებთ“, – დასძინა მან.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების კომპონენტად ნატოში გაწევრების საკითხი არ დაყენებულა და საუბარია მოკავშირეების მიერ კიევის შემდგომ მხარდაჭერაზე.