პარლამენტში კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ქცევის შესახებ ოთხდღიანი ტრენინგი გაიხსნა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, დღეს, პარლამენტში კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ქცევის შესახებ ოთხდღიანი ტრენინგი გაიხსნა.
პარლამენტის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მოხალისეობრივი ორგანიზაციები „ლეგიონი” და „ქალთა ლიგა” პარლამენტის წევრ ქალებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსა და სტუდენტებს სამოქალაქო მომზადების კურსს ჩაუტარებენ. კურსი სამოქალაქო მომზადების და სხვადასხვა ექსტრემალური პირობების დროს მოქცევის წესების შესწავლას მოიცავს და იგი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. თეორიული ნაწილის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს საველე სწავლებები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე ჩაუტარდებათ.
„კურსის მიზანია სტიქიური მოვლენების, ტერაქტების თუ სხვა ექსტრემალური პირობების დროს ქცევის წესებსა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ტრენინგებს ატარებენ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის ტრენერები და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავიაროთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობა, შესაბამისად, შევიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.