“უკრაინას ნატოსთან ვაახლოებთ სრული გააზრებით, რომ მოსკოვი ამას გააპროტესტებს” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინის შესახებ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო სრული გააზრებით, რომ მოსკოვი ამას გააპროტესტებს.

ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ევროპისთვის ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს. ეს ნიშნავს, რომ მან მიაღწია მიზნებს საერთაშორისო სამართლის დარღვევით და ძალის გამოყენებით. ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე – საფრთხე ჩვენთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ალიანსის წევრები ცალსახად აცხადებენ, რომ უკრაინას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და რომელი თავდაცვითი ალიანსის წევრად სურს ყოფნა.

“ამიტომ, ჩვენ არასოდეს მივცემთ მოსკოვს უფლებას, გადაწყვიტოს, ვინ შეიძლება და ვინ არა – იყოს ალიანსის წევრი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან გაიხსენა, რომ რუსეთი ნატოს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგი იყო.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაახლოებთ უკრაინას ნატოს წევრობასთან დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომლებიც არის ყველაზე მკაცრი, რაც კი ოდესმე მიგვიღია, სრული გააზრებით, რომ მოსკოვი ამას გააპროტესტებს. ასე იყო, როდესაც ალიანს ფინეთი, შვედეთი ან ჩრდილოეთ მაკედონია შეუერთდნენ“, – თქვა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები