კულება ელოდება, რომ წლის ბოლოსთვის რუსეთთან მოლაპარაკებების მოწოდებები გააქტიურდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთთან მოლაპარაკებების მოწოდების გააქტიურება, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს უკვე წლის ბოლოსკენ დაიწყოს.
ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ვფიქრობ, ეს ხმები წლის ბოლოსთვის უფრო ხმამაღლა გაჟღერდება. მაგრამ როგორც ჩვენი ბიჭები ფრონტზე, ასევე ჩვენ, დიპლომატიურ ფრონტზე ვმუშაობთ, რათა ამ ხალხმა ხელი არ შეუშალოს უკრაინას მისი გამარჯვების დაახლოებაში”, – თქვა მინისტრმა.
კულებამ აღნიშნა, რომ „რაღაც“ მოლაპარაკების გზა გაიხსნება იმ პირობით, რომ რუსეთი ნებაყოფლობით გავა უკრაინის ტერიტორიიდან, რათა „თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე გადაარჩინოს“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, მას არ წარმოუდგენია ამ პროცესის გააქტიურება დღეს.
„არა მგონია, რომ ახლა ვინმეს შეუძლია, გამოვიდეს და თქვას… ან არც კი გამოვიდეს, არამედ სადმე, დახურულ კაბინეტში თქვას, რომ ბოლომდე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
კულებამ დასძინა, რომ ნატოს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინის სურვილს აღადგინოს კონტროლი მის მიწებზე საერთაშორისოდ აღიარებულ 1991 წლის საზღვრებში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატია, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებული მიწების განთავისუფლებას, „უკეთესი იქნებოდა“, მაგრამ ამ დროისთვის „რუსეთი გაჯიქებულია და მიიჩნევს, რომ შეუძლია გარკვეული მიზნების მიღწევა სამხედრო გზით“.
“ასე ვუჩვენებთ მათ სამხედრო საშუალებებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ ამას ვერ მიაღწევს. ანუ, ჯერჯერობით, გამარჯვების გზა წმინდა სამხედროა”, – აღნიშნა კულებამ.