“ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის” – არჩილ თალაკვაძე
“ნატოს სამიტმა ვილნიუსში დაადასტურა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ნატოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.
„თუ ჩვენ ავიღებთ შვედეთის მაგალითს და ჩვენი ქვეყანა გახდება ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური, უფრო წარმატებული სახელმწიფო, საქართველო იქნება უფრო სასურველი და ძლიერი პარტნიორი ნატოსთვის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სწორედ ამ გეგმას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველო აუცილებლად მიიღებს მიწვევას ნატოში. რაც შეეხება უკრაინას, როგორც უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიტყოდი, რომ ველოდით უფრო მკაფიო და უფრო ცხად გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ვადები და კონკრეტული პროცედურა იქნებოდა დასახელებული, თუმცა, იმედის მომცემია გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის განცხადება, რომ როგორც კი შიგნით კონსულტაციები დასრულდება, უკრაინა ამის შესახებ იქნება ინფორმირებული. უკრაინას სჭირდება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატოს მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ვილნიუსის სამიტის მერე მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.