ირაკლი კობახიძე – სერგეენკოზე: გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას რამდენად სურს მას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება
“მე როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე დავით სერგეენკოს საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება სურს თუ არა სერგეენკოს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება.
„ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი, გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას რამდენად სურს მას პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. საკითხი კენჭისყრაზე სექტემბერში გამოვა და ჯერ არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ საკითხზე“, – აღნიშნა კობახიძემ.
14 ივლისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დავით სერგეენკოსათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.