ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა, თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პარტია
“ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება ამ პარტიის შემადგენელ ნაწილად, თუმცა, თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური გაერთიანება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” რეიტინგი თანდათან კლებულობს.
„რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული კეზერაშვილის მხარესაა, ამიტომ, მან ამ შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. „ნაცმოძრაობა“ მიდის დაღმა, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება და ეს არის მთავარი. ის შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიაში არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვაშაძის პრემიერმინისტრობის კანდიდატობა იქნება არაჩვეულებრივი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. თანდათანობით თვითონ გვეხმარებიან ამ პარტიის ლიდერები, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“, – აცხადებს კობახიძე.