“უკრაინა ევროკავშირის გზაზე წარმატებას ძალიან მალე მიაღწევს, თუ რეფორმების ტემპს გააგრძელებს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინა სწრაფად მიაღწევს წარმატებას ევროკავშირში გაწევრების პროცესში, თუ რეფორმების მიმდინარე ტემპი შენარჩუნდება.
ამის შესახებ მან ვილნიუსში ნატოს სამიტზე ჩასვლისას განაცხადა.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხზე კომენტარს ვერ აკეთებს, თუმცა, აღნიშნა კიევის წარმატებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
“სიჩქარე, რომლითაც უკრაინა მიიწევს ევროკავშირში გაწევრებისკენ, შთამბეჭდავია. ეს არის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია დამსახურებაზე. ენთუზიაზმი და ინტენსივობა, რომლითაც უკრაინა რეფორმებს ახორციელებს, სწრაფად აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებენ, თუ ტემპს შეიარჩუნებენ, წარმატება მალე მოვა. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ სწრაფად გადახვიდეთ ევროკავშირის წევრობისკენ, თუ დააკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს”, – დასძინა მან.