ერდოღანმა და ბაიდენმა მოლაპარაკება გამართეს
ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
რეჯეპ თაიპ ერდოღანის და ჯო ბაიდენის მოლაპარაკება 1 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრის დასაწყისში ერდოღანმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, რომელმაც თანამდებობაზე ხელახალი არჩევა მიულოცა და დასძინა: „მე მჯერა, რომ ახლა, სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში, კონსულტაციების დრო დადგა. დღეს ამ შეხვედრას ამისკენ, როგორც პირველ ნაბიჯს, განვიხილავთ”.
შეხვედრასთან დაკავშირებით ერდოღანი პრესკონფერენციას დღეს გამართავს.
მოლაპარაკებას წინ უძღოდა ერდოღანის დათანხმება ალიანსში შვედეთის გაწევრიანებაზე. პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონის მხრიდან ანკარასთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვაზე შეზღუდვა მოიხსნება.
სამიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთში მოდერნიზებული F-16 თვითმფრინავების არსებობა შეერთებული შტატებისა და ნატოს ინტერესებში შედის.
„რისი გაკეთება გვსურს? გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ნატოს ყველა წევრს აქვს ტექნოლოგიები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ალიანსი რაც შეიძლება ძლიერი გახდეს“, – თქვა ბლინკენმა.