ლევან იზორია: არასრულწლოვნებზე იარაღის გაყიდვა აიკრძალება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ დანაშაულის პრევენციის მიზნით ძალოვანი უწყების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც იზორიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, არასრულწლოვანებზე იარაღის გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა კი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება.
“ჩვენ მინისტრთან ერთად ვმუშაობთ რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ტიპის დანაშაულებები. პრაქტიკულად ყოველდღე ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას იმის შესახებ თუ როგორ ხდება უკანონო იარაღის გამოვლენა. სერიოზულად ვიწყებთ შესწავლას და უკვე გვაქვს კონკრეტული ხარვეზების იდენტიფიკაციის საშუალება იარაღის შესახებ კანონში. დღეს იარაღის შეძენა კანონიერად შეუძლია 18 წლის ადამიანს, თანაც ყოველგვარი მომზადების გარეშე და ფლობის უფლება აქვს. ჩვენ ამას უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კანონიერ ფლობაში აქვს მკვლელს ეს იარაღი.
მეორე მიმართულებით ასევე კონკრეტული ინიციატივა გაჩნდა და მთავრობას წარედგინება, – რომ დღეს შეუზღუდავად შეიძლება ცივი იარაღის გაყიდვა, მათ შორის არასრულწლოვნებზე, ეს იქნება მკაცრად აკრძალული. ასე რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად პრაქტიკულ ნაბიჯებს გადავდგამთ უფრო მეტი პატრულირების და უფრო მეტი კონტროლის თვალსაზრისით”, – განაცხადა იზორიამ.