სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან, ანა რიჩთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, სულხან თამაზაშვილმა ანა რიჩს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული საერთაშორისო დაცვის სისტემა და მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება მიგრაციის მართვის და თავშესაფრის კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.