როგორი იქნება უკრაინასთან დაკავშირებული, ნატოს კომუნიკეს ჩანაწერი, რომლის გამოც ზელენსკიმ ალიანსი გააკრიტიკა – მთავარი ფორმულირება
ვილნიუსში ნატოს სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში ალიანსში უკრაინის მოწვევის შესახებ ჩანაწერი არ გაკეთდება, მაგრამ ასეთი წინადადების გაკეთების ალბათობა იქნება გათვალისწინებული, როდესაც “მოკავშირეები შეთანხმდებიან” და “ამის პირობები შესრულდება”.
ამის შესახებ სააგენტო Interfax-Ukraine-სთვის რამდენიმე ინფორმირებული წყაროსგან გახდა ცნობილი.
სააგენტოს ცნობით, საბოლოო ფორმულირება ასე გამოიყურება: „მოწვევას გავაგზავნით, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.
ამასთან, გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააუქმონ უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) და ეს ფორმულირება შეიძლება შემდეგნაირი იყოს: „უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას“.
Eurointegration-თან საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა არ დააკონკრეტა ფორმულირება, მაგრამ დაადასტურა მოსალოდნელი გადაწყვეტილება „პირობებით მოწვევაზე“ და აღნიშნა, რომ კიევმა უნდა „გაიგოს სტრუქტურული რეფორმების საჭიროება, რისი გაკეთების ვალდებულებაც მანამდე აიღო“.
„ეს არ არის ახალი პირობები, ისინი მოქმედებს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც შეუერთდება ალიანსს“, – განმარტა მან.