Politico: დასავლელ დიპლომატებს ესმით ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ მისი განცხადება “დაუფიქრებელი და უსამართლოა”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამ, რომელმაც ნატოს “გადაუწყვეტლობა” გააკრიტიკა, ვილნიუსში სამიტის მონაწილეთა გაკვირვება გამოიწვია.

ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ სამიტის კომუნიკეს პროექტში ნათქვამია: „ჩვენ შევძლებთ, უკრაინას მოწვევა გავუგზავნოთ, როდესაც მოკავშირეები ამას დათანხმდებიან და შესრულდება პირობები“.

ფორმულირება დასრულებული ჯერ არ არის, მაგრამ პროექტმა კიევის გაღიზიანება გამოიწვია.

სამიტზე მყოფი დიპლომატების ნაწილი, ანონიმურობის პირობით, გამოცემასთან ზელენსკის განცხადებას აფასებს.

როგორც ცენტრალური ევროპიდან ერთ-ერთმა დიპლომატმა თქვა, ”მე კრიტიკულად ვარ განწყობილი მრავალი ასპექტის მიმართ და, კერძოდ, ზოგიერთი მოკავშირის პოზიციის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დაუფიქრებელი და უსამართლო მიდგომაა”.

თუმცა, ზოგიერთმა თქვა, რომ ესმით უკრაინელი ლიდერის გრძნობები.

„მისი იმედგაცრუება გასაგებია რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ კომუნიკეზე. სამიტი აჩვენებს უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა წყარომ.

კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ”ჩვენ პატივს ვცემთ ყველაფერს, რასაც ის ამბობს იმიტომ, რომ ის ომის შუაგულში იმყოფება და სრულიად გასაგებია, რომ ყველაზე მაღალი მოლოდინი აქვს. თუმცა, როგორიც  უნდა იყოს ფორმულირება, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინის მომავალი კანონიერი ადგილი ნატოშია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები