“აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გახსნას ახლო მომავალში ვამცნობთ საზოგადოებას”

   გუშინდელი მკვლელობის გახსნას ახლო მომავალში ვამცნობთ საზოგადოებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, უკვე დადგენილია ბრალდებული და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“ამ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული დადგენილია, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. განსაკუთრებით ოპერატიულ-სამძებრო თვალსაზრისით, რათა მოხდეს ამ პიროვნებს დაკავება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე გარკვეულ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ როგორც სხვა დანაშაულებთან მიმართებაში გახსნის მაჩვენებელი არის თითქმის 100 პროცენტიანი. ამას მოწმობს სტატისტიკა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონკრეტული ფაქტის გამოვლენაც ამ ზოგადი ტენდენციის ამსახველი იქნება და მის გახსნას ახლო მომავალში ვამცნობთ საზოგადოებას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძე წუხელ მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ორჯერ მოხდა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა. გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები