გივი მიქანაძე გორისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ესტუმრა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით, მიმდინარეობს თემატური მოკვლევა საკითხზე – საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება.
პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული თემატური მოკვლევის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გორისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეწვია. გივი მიქანაძე უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებული მდგომარეობას გაეცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. მიმდინარე თემატური მოკვლევის მიზნებია უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელის შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტების საჭიროებებთან, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების არსებული მდგომარეობის შესწავლა და მისი შესაბამისობის დადგენა თანამედროვე განათლების მოთხოვნებთან, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და კურსდამთავრებულთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება.