არჩილ თალაკვაძე: ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება – სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება
“ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება – სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ყოფილი ელჩების მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკითხის პოლიტიზირებას ემსახურება.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მას სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება. ეს ფაქტია და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვერცერთი ელჩის განცხადება ვერ შეცვლის. რაც შეეხება სანქციებს და იმას, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი – გვსურს ჯანმრთელობა ვუსურვოთ პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს. ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა არა სანქციები, არამედ ორი ამოცანის შესრულება – სააკაშვილმა შეასრულოს ექიმების დანიშნულება და მიიღოს მკურნალობა, ასევე, აღადგინოს სრულფასოვანი კვება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არა სანქციები, არამედ ამ ორი პირობის შესრულება სჭირდება. ამიტომ ელჩებმა, მისმა მეგობრებმა, გარემოცვამ, ვისაც მისი ჯანმრთელობა მართლა აწუხებს, ამ ორ საკითხზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. სხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკითხის პოლიტიზირებას ემსახურება, რაც ექიმებს ხელს უშლის, რომ ამ ადამიანს სრულფასოვნად უმკურნალონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, უილიამ კორტნი, იან კელი, რიჩარდ მაილსი, ჯონ ტეფტი და კენეტ იალოვიცი 10 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში მთავრობას მოუწოდებენ ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისცენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის შესაძლებლობა.