მედია: აშშ-მა შესაძლოა, მომავალ კვირას თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვაზე აკრძალვა მოხსნას
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბობ მენენდესმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის F-16 გამანადგურებლების მიყიდვაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მენენდესს ჯერ კიდევ აქვს შეშფოთება თურქეთთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება შესაძლოა, მომდევნო კვირას იყოს მიღებული.
სენატორმა მიანიშნა თურქეთის მხრიდან „მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის“ დროებით „ჩაცხრობაზე“.
10 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას თურქეთთან, შვედეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, F-16-ის მიყიდვის სანაცვლოდ.
გვიან კი, ნატოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსში შვედეთის შესვლას დათანხმდა.
დღეს კი თურქული მედია წერს, რომ თურქეთის პარლამენტი შესაბამისი თანხმობის რატიფიცირებას, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს მოახდენს.