“უნდა გვახსოვდეს, რაზე შევთანხმდით მადრიდის სამიტზე“ – სტოლტენბერგმა ერდოღანის ახალ მოთხოვნას უპასუხა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, მხარეებმა დაიცვან 2022 წლის მადრიდის სამიტის შეთანხმებები, შვედეთისა და ფინეთის ალიანსში შესვლის შესახებ.

ამის შესახებ მან ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნატოში შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით წამოყენებული ახალი პირობის კომენტირებისას თქვა.

რეჯეპ თაიპ ერდოღანის თქმით, მხარს დაუჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას, თუ ევროკავშირი მის ქვეყანას კარს გაუღებს.

„მე მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რაზე შევთანხმდით მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შვედეთმა შეასრულა თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მოთხოვნები.

კერძოდ, მისი თქმით, საუბარია იარაღით ვაჭრობაზე, ემბარგოს მოხსნასა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაზრდაზე.

“აუცილებელია, რომ შვედეთი გახდეს ნატოს წევრი, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას რეგიონში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნატოს სამიტზეც კი შეიძლება გაცილებით დადებითი შედეგის მიღწევა.

თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია,  შვედეთის წევრობის მოთხოვნების ჩამონათვალი საბოლოო იყოს და ახალი პირობები არ იყოს წამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები