როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გველს დაინახავს ან ქვეწარმავალი უკბენს – ჰერპეტოლოგის განმარტება
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს – ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“რა უნდა გავაკეთოთ, როცა გველს ვხედავთ: რამდენიმე ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ, საშუალება უნდა მივცეთ, თავის გზით წავიდეს, შორიახლოდან ვადევნოთ თვალი – რა მიმართულებით წავიდა, რადგან, თუ შემდეგ ჰერპეტოლოგების ჩარევა იქნება საჭირო, ვიცოდეთ, რა გზით წავიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეწარმავალს როცა ვნახავთ, ხელით დაჭერა არ დავუპიროთ. სტატისტიკურად, დაკბენის ყველაზე მაღალი ალბათობა ამ შემთხვევაშია.
საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს. აქედან 8 შხამიანია. ამ რვიდან ყველაზე საშიში გიურზაა.
თუ არ მოხდა მასზე შემთხვევით ფეხის დაბიჯება, ან გამოუვალ სიტუაციაში შეხვედრა, ის თავს არ ესხმის ადამიანს. გიურზა ადამიანთან შეხვედრისას შეეცდება, თავის გზით წავიდეს, რადგან ადამიანი მისთვის რეალურად საფრთხეა.
შხამიანი გველების კბენის შემთხვევაში არანაირი ჩარევა არ არის საჭირო, არ წარმოადგენს საფრთხეს, ინფექციის შემტანებიც არ არიან. არაშხამინი გველების ნაკბენის შემთხვევაში მრავალი ნაკბილარია ხოლმე. შხამიანი გველების, კონკრეტულად გიურზას მიერ კბენის შემთხვევაში პროცესები ეგრევე იწყება. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ გიურზამ კბენის დროს შხამი საერთოდ არ შეუშვას, რადგან მისთვის ეს შხამი ძალიან ძვირფასია, ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ დახარჯოს, თუ საფრთხე რეალურად არ აღიქვა. თუ მოხდა შხამის შეშვება, დოზასაც გააჩნია, პროცესები ავტომატურად იწყება. მარტივი გასარჩევია, გიურზას ნაკბენი არის თუ არა. ამ შემთხვევაში, ორი ნაკბილარი რჩება, შეიძლება ერთი კბილი მოტეხილი ჰქონდეს და ერთი ნაკბილარი დარჩეს. კბენის შემდეგ იწყება შეშუპება, ნაკბენის ადგილის მიმდებარედ არის დასიება. აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ში, ან უახლოეს საავადმყოფოს მივმართოთ.
ხალხში გავრცელებულია მითი, რომ კბენის შემდეგ უნდა მოხდეს ლახტის დადება, გადასერვა, ამოწოვა, ამოწვა. ეს რეკომენდებული აბსოლუტურად არაა. აუცილებლად ჰორიზონტალურად უნდა დავწვეთ, ბევრი წყალი უნდა მივიღოთ. 112-ში დავრეკოთ”, – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.