რა ვითარებაა მიმდინარე სეზონზე ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ – ჰერპეტოლოგის განმარტება

რა ვითარებაა მიმდინარე სეზონზე ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ, რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს – ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰერპეტოლოგმა, რატი მამუკაშვილმა განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე გველების რაოდენობა გაზრდილი არაა.

“ამ პერიოდში ერთგვარი პიკი უკვე გადავლილია. მოსახლეობაში ის აზრია ხოლმე განმტკიცებული, რომ გველების შემოსევაა, წელს მომრავლდნენ. ისევე, როგორც წინა წლებში,  სტატისტიკურადაც და ისედაც სრულიად ჩვეულებრივი წელია. არანაირად არ არის რაღაც განსაკუთრებულად  გველების რაოდენობა გაზრდილი. თითქმის ყველა დაჭერილი გველი სოციალურ ქსელში ხვდება და ეს აჟიოტაჟს, ფონს ქმნის, რომ, თითქოს, წელს რაღაც განსაკუთრებული წელია”, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი ქვეწარმავალს ნახავს, ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელით დაჭერა არ დაუპიროს.

“რა უნდა გავაკეთოთ, როცა გველს ვხედავთ: რამდენიმე ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ, საშუალება უნდა მივცეთ, თავის გზით წავიდეს, შორიახლოდან ვადევნოთ თვალი, რა მიმართულებით წავიდა, რადგან, თუ შემდეგ ჰერპეტოლოგების ჩარევა იქნება საჭირო, ვიცოდეთ, რა გზით წავიდა.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეწარმავალს როცა ვნახავთ, ხელით დაჭერა არ დავუპიროთ. სტატისტიკურად, დაკბენის ყველაზე მაღალი ალბათობა ამ შემთხვევაშია.
საქართველოში 24 სახეობის გველი ბინადრობს. აქედან 8 შხამიანია. ამ რვიდან ყველაზე საშიში გიურზაა.
გიურზა თბილისში სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ბინადრობს. ესაა მათი გავრცელების არეალი. წელსაც შეხვდა მოსახლეობას. იყო დაჭერის ფაქტები. ცხოვრობს გიურზა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ. ისევე, როგორც ყველა სხვა გველი, ის აგრესიული არ არის და ადამიანთან შეხვედრას ერიდება.
თუ არ მოხდა მასზე შემთხვევით ფეხის დაბიჯება, ან გამოუვალ სიტუაციაში შეხვედრა, ის თავს არ ესხმის ადამიანს. გიურზა ადამიანთან შეხვედრისას შეეცდება, თავის გზით წავიდეს, რადგან ადამიანი მისთვის რეალურად საფრთხეა”, – განაცხადა რატი მამუკაშვილმა.

ჰერპეტოლოგმა განმარტა, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ქვეწარმავალი უკბენს.

“შხამიანი გველების კბენის შემთხვევაში არანაირი ჩარევა არ არის საჭირო, არ წარმოადგენს საფრთხეს, ინფექციის შემტანებიც არ არიან. არაშხამინი გველების ნაკბენის შემთხვევაში მრავალი ნაკბილარია ხოლმე. შხამიანი გველების, კონკრეტულად გიურზას მიერ კბენის შემთხვევაში პროცესები ეგრევე იწყება. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ გიურზამ კბენის დროს შხამი საერთოდ არ შეუშვას, რადგან მისთვის ეს შხამი ძალიან ძვირფასია, ცდილობს, რომ მაქსიმალურად არ დახარჯოს, თუ საფრთხე რეალურად არ აღიქვა. თუ მოხდა შხამის შეშვება, დოზასაც გააჩნია, პროცესები ავტომატურად იწყება. მარტივი გასარჩევია, გიურზას ნაკბენი არის თუ არა. ამ შემთხვევაში, ორი ნაკბილარი რჩება, შეიძლება  – ერთი კბილი მოტეხილი ჰქონდეს და ერთი ნაკბილარი დარჩეს. კბენის შემდეგ იწყება შეშუპება, ნაკბენის ადგილის მიმდებარედ არის დასიება. აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ში, ან უახლოეს საავადმყოფოს მივმართოთ.

ხალხში გავრცელებულია მითი, რომ კბენის შემდეგ უნდა მოხდეს ლახტის დადება, გადასერვა, ამოწოვა, ამოწვა. ეს რეკომენდებული აბსოლუტურად არაა. აუცილებლად ჰორიზონტალურად უნდა დავწვეთ, ბევრი წყალი უნდა მივიღოთ. 112-ში დავრეკოთ”, – განაცხადა ჰერპეტოლოგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები