“დროა, უკრაინა ალიანსში მიიღოთ” – ნატოს ყოფილი გენერლების ღია წერილი
ნატოს წევრი ქვეყნების ექვსმა ყოფილმა გენერალმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ალიანსს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გაუხსნას უკრაინას ნატოში გაწევრიანებისკენ გზა.
ამის შესახებ LIGA.net წერს.
ღია წერილში კიევის წინაშე 2008 წელს ბუქარესტში აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზეა საუბარი, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდება.
„დადგა დრო, ნატოს ქვეყნებმა ეს დაპირება შეასრულონ“, – აღნიშნეს ხელმომწერებმა.
ყოფილმა გენერლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატოს ქვეყნებმა „უახლოეს მომავალში“ უნდა განსაზღვრონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული საგზაო რუკა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ კიევმა ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალურად განაცხადი 2022 წლის 30 სექტემბერს გააკეთა და ამიტომ ახლა, ალიანსმა უნდა დაეხმაროს უკრაინას ნატოს როგორც მუდმივი წევრის ვალდებულებების შესრულებაში.
„ეს არის ერთადერთი შესაძლო გზა ევროპაში მშვიდობის გარანტირებისთვის დაუნდობელი რუსული აგრესიის ფონზე“, – ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები არიან: რიჰო ტერასი – ესტონეთის არმიის გენერალი, ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი; მეჩისლავ გოცული – პოლონეთის არმიის გენერალი, პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი; რაიმონდ გრაუბე – ლატვიის არმიის გენერალი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი; ვიტაუტას იონას ჟუკასი – ლიეტუვის არმიის გენერალი, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი; ბენ ჰოჯესი – აშშ-ს არმიის გენერალი, აშშ-ს ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში და მაიკლ რეპახი – აშშ-ს არმიის გენერალი, აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ყოფილი ხელმძღვანელი ევროპაში.