თურქეთში 6 თებერვალს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად იმ დაზარალებულებს, რომლებსაც სახლის აშენება ინდივიდუალურად სურთ, ქვეყნის მთავრობა 500 ათას ლირას (50 ათასამდე ლარი) გადაუხდის, ხოლო მაღაზიების და ბიზნესის სვა ობიექტების მფლობელებს 250 ათასს გადასცემენ.
ამის შესახებ თურქეთის გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარებისა და გარემოს ცვლილების მინისტრმა, მეჰმედ ოზჰასეკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონის მოსახლეობას ასევე შეეძლება უპროცენტო სესხის აღება 500-800 ათასი ლირის ოდენობით, ხოლო მეწარმეებს – 250-500 ათასი ლირის.
„საუბარია შეღავათიან სესხებზე 10 წლის ვადით, თანხის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, დაფარვის გრაფიკის დაწყებით“, – განმარტა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სახლების მშენებლობა უნდა განხორციელდეს სეისმომედეგობის მოთხოვნების მკაცრი გათვალისწინებით.
ამის პარალელურად, თურქეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, სტიქიის ზონის ქალაქებსა და სოფლებში სახლების მშენებლობა გრძელდება.