კოსტა-რიკის ყოფილი პრეზიდენტს “გავლენით ვაჭრობისთვის” ბრალი წარუდგინეს

კოსტა-რიკის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტ ლუის გილერმო სოლის რივერას, ასევე, მისი ადმინისტრაციის უფროსს, ფინანსთა მინისტრს, ეროვნული ხაზინადარს და მის მოადგილეს ბრალი ქვეყნის “ხაზინის საზიანოდ გავლენით ვაჭრობაში” წარუდგინა.

ლუის გილერმო სოლის რივერა ქვეყანას 2014-2018 წლებში მართავდა.

ქვეყნის პროკურატურა ე.წ. Bancrédito-ს საქმეს იძიებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები დაუსაბუთებლად შეთანხმდნენ ხაზინიდან თანხების გადარიცხვაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Agricultural Credit Bank of Cartago Bancrédito-ს ბალანსზე, მისი ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით სახსრების დაბრუნების გარანტიებისა და აუცილებელი ექსპერტიზის გარეშე.

პროკურატურა მიიჩნევს, რომ ბრალდებულთა ქმედება, სავარაუდოდ, სახელმწიფო ინტერესებისა და ხაზინის საზიანოდ იყო ჩადენილი.

ყოფილი პრეზიდენტის გარდა, სასამართლოს წინაშე წარდგებიან – ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი, ჰელიო ფალას ვენეგასი; სოლისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ახლა ელჩი ბელგიაში – სერხიო ალფარო სალასი; ყოფილი ეროვნული ხაზინადარი – მარტა კუბილო ხიმენესი და მისი მოადგილე, მაურისიო აროიო რივერა.

კოსტა-რიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყოველთვის მოქმედებდა კანონის შესაბამისად, ქვეყნის სასიკეთოდ და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, Bancrédito-ს თანამშრომლების და კრედიტორთა ინტერესებით ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები