მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დასრულდა
მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დასრულებულია,- ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „ბანკებთან & ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა.
ხოკრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნა იყო, რომ ახალი სისტემა საერთაშორისო სტანდარტების ყოფილიყო. „არსებული მეტროს სისტემა არის საბჭოთა დროინდელი, შესაბამისად, სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებმა წამოწიეს საკითხი, რამდენად შესაბამისობაში იქნებოდა ახალი სისტემა ძველთან. ამის პრობლემის გადაზღვევის კუთხით, ჩვენ გავითვალისწინეთ ბენეფიციარის მოსაზრება და პროექტში კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ ეს საკითხი. სიგნალიზაციიის სისტემა ძალიან მნიშვნებლოვანია, ამაზეა აწყობილი მეტროს უსაფრთხოება. ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია, ჩვენ ველოდებით, რომ თებერვლის ბოლოს დაიდოს სრულყოფილი პროექტი და დაფინანსებაზე თანხმობა მოგვცეს აზიის განვითარების ბანკმა, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს“,- განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.