მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში წესრიგი აღდგენილია
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ერთკვირიანი არეულობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა.
ამის შესახებ მან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ პოში ვიზიტის დროს თქვა, – იტყობინება BFMTV.
„წესრიგი აღდგა“, – თქვა პოლიტიკოსმა.
საფრანგეთში არეულობა 27 ივნისს, პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის, ნაელის მკვლელობას მოჰყვა.
გუშინ ქვეყანაში მხოლოდ 20 ადამიანი დააკავეს, რაც წინა კვირასთან შედარებით დაბალი რიცხვია, როდესაც ერთ ღამეში ათასამდე ხულიგანს აკავებდნენ.
პოლიციასთან დაპირისპირება საფრანგეთის 20-მდე ქალაქში იყო. ყველაზე მძიმე ვითარება იყო მოკლული მოზარდის ქალაქ – ნანტერში.
აქციის მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ნაგვის ურნებს; ცეცხლს უკიდებდნენ საჯარო დაწესებულებებს, მერიის შენობებს, მარსელში უმსხვილეს ბიბლიოთეკაში გაჩნდა ხანძარი; დარბეულია ტრანსპორტის გაჩერებები, მაღაზიები, კვების ობიექტები, რომლებიც ასევე გაძარცულია. მცირე მეწარმეებისა და მოვაჭრეებისთვის მილიონობით ევროს ღირებულების ზარალია მიყენებული.