ექიმი ცისანა შარტავა – მეუფე შიოზე: მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი თავს კარგად გრძნობს.
მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ, გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“, – განაცხადა ცისანა შარტავამ “პირველ არხთან” საუბრისას.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.