მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსას უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბაჟო დეპარტამენტს 50 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა (პლანშეტები) და 10 ცალი კონტრაბანდული საქონლის აღმოსაჩენი მოწყობილობა გადასცა. აღნიშნული აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე რისკზე დაფუძნებული კონტროლის აღსრულებას და კონტრაბანდული ტვირთების დეტალურ დათვალიერებას. პროექტი, რომლის სახელწოდებაა – „საზღვრების ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, IOM-ის მიერ, უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს ინტეგრირებული საზღვრის ძირითადი ელემენტების კონსოლიდაციის ხელშეწყობას.
საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
,,თბილისი“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ირაკლი თევდორაძე, ასევე სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.