ვატო შაქარიშვილი: კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისის“ მესაკუთრეებს მივმართავთ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ე.წ. პრაიდ ფესტივალი აღკვეთონ

„კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისის“ მესაკუთრეებს საჯაროდ გვინდა, მივმართოთ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და ე.წ. პრაიდ ფესტივალი აღკვეთონ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ მესაკუთრეები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, „ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს მოხდეს პრეცედენტი, საჯარო სივრცეში ეს. ე.წ. LGBT ფესტივალი ჩატარდეს“.

„როგორც მოგეხსენებათ, LGBT ორგანიზაციები და მათი ჩვენი ქვეყნის გარეთ პატრონები ჩვენი ქვეყნის მისამართით პროვოკაციებს არ ასრულებენ. იცით, რომ 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი ძალიან მასშტაბური, ღია, საჯარო ე.წ LGBT ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ, იქ, სადაც მთელი ქალაქისთვის საყვარელი რეკრეაციული სივრცეა, სადაც მშობლები შვილებს ასეირნებენ. ეს კიდევ ერთი პროვოკაციაა ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც არაერთხელ ქმედებით დაამტკიცა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ქვეყანაში პრაიდის ჩატარებას არასდროს დაუშვებს.

საქართველო ამ იდეოლოგიის თავს მოხვევას არასდროს შეეგუება, ქართული საზოგადოება ფეხზე დადგება, იქნება მტკიცე და ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს, მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს აღვირახსნილობა, მასშტაბური სოდომის და გომორის მოწყობის მცდელობა აღიკვეთოს. არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ბავშვების და საზოგადოების თვალწინ ასეთი მასშტაბის, ე.წ. პრაიდის ფესტივალი ჩატარდეს.

ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვის საკუთრებაში ტარდება ე.წ. ფესტივალი. ეს არის კომპანია „თბილისი იპოდრომ სერვისი“, მესაკუთრეების ნაწილთან კომუნიკაცია გვქონდა, მათ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომპანიას და კომპანია tbilisi open air-ს შორის იჯარის ხელშეკრულებაა დადებული. tbilisi open air -ს აჩიკო გულედანი წარმოადგენს, რომელიც ღიად ლგბტ პროპაგანდისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ის ამ კონტრაქტის მიხედვით უკვე უფლებას აძლევს ამ ე.წ. ფესტივალის ორგანიზატორებს, ეს აღვირახსნილობა იმ მიწაზე გამართონ, რომელსაც „თბილისი იპოდრომ სერვისი“ ფლობს. ამ კომპანიის მეწილეები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, მათ იცნობენ, როგორც კარგ მოქალაქეებს, მართლმადიდებელ ადამიანებს, ისინი ეხმარებიან ტაძრებს, წარმოადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს. ვიმედოვნებთ, საქმე გაუგებრობასთან გვაქვს. საჯაროდ გვინდა, მივმართოთ მესაკუთრეებს, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ეს ე.წ. პრაიდ ფესტივალი. გარდა მორალური ასპექტისა, აღნიშნული წარმოადგენს პროვოკაციას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ემოციური ფონი მაღალია. თუ მესაკუთრეები არ მიიღებენ სასწრაფო გადაწყვეტილებას და საკუთარ მიწაზე ამ ე.წ. ფესტივალს არ ჩაშლიან , საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და მშვიდობიანი გზებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს მოხდეს პრეცედენტი, საჯარო სივრცეში ეს. ე.წ. LGBT ფესტივალი ჩატარდეს.
ერთ-ერთი მესაკუთრის თანხმობით ვაცხადებთ ინფორმაციას, რომ მესაკუთრეებს შორის ამ თემაზე გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა. კონკრეტული მეწილეები მათ ტერიტორიაზე ე.წ. პრაიდ ფესტივალის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები