ირაკლი კობახიძე: რამდენჯერაც „ნაცმოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, ყველა ჯერზე წაგებული დარჩა

“რამდენჯერაც „ნაცმოძრაობას“ უჩივლეს ან თვითონვე შეიტანა სარჩელი სტრასბურგში, ყველგან წაგებული დარჩა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას განცხადება სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით არ უკვირს.

„რაც შეეხება „ნაცმოძრაობისა“ და სტრასბურგის სასამართლოს დაპირისპირებას, ეს არის ქრესტომათიული მოვლენა. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც „ნაცმოძრაობა“ ამა თუ იმ ფორმით სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, ყველგან წაგებული დარჩა. რამდენჯერაც უჩივლეს ან თვითონვე შეიტანა სარჩელი, ყველგან წაგებული დარჩა. აქედან გამომდინარე არ მიკვირს გვარამიას ასეთი განცხადება სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რომ ჯანმრთელობაზე არ უნდა ყოფილიყო გადატანილი ყურადღება, ამაში გვარამიას ვეთანხმები. ეს 600-დღიანი ფეიკი, საბოლოოდ,  საპნის ბუშტივით გასკდა. როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ ამ თემაზე მიიღო გადაწყვეტილება, მაშინვე მოუწია სააკაშვილს იმის თქმა, რომ აღარ კვდება და პირიქით, განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. გვარამიას მაპოლარიზებელი ქმედებები ისევ გაღრმავდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება და ბოლოს ისევ იმით დაასრულებს, რითაც დაიწყო, ბილწსიტყვაობა და ა.შ.“, – აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა: “სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%-ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე “გაყიდა” ოცნების პროპაგანდამ – “სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს”, რაც ცხადია, ტყუილია, მაგრამ იმუშავა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები