“სხვებისთვის ჭკუის დარიგების ნაცვლად, პარიზმა უნდა მიხედოს სიძულვილისა და მტრობის გამოვლინებებს თავად საფრანგეთში” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც ნეოკოლონიალურ პოლიტიკას აგრძელებს.

ამის შესახებ მან ბაქოში, საკოორდინაციო ბიუროს მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ევროპის გარეთ ტერიტორიების გაკონტროლების პარიზის მცდელობებს “საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკის ამაზრზენი მემკვიდრეობა” უწოდა.

მაგალითის სახით მან კომორის კუნძულების საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის ნაბიჯები დაასახელა.

„საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს კომორის კუნძულების სუვერენიტეტს მაიოტზე, ისევე – როგორც ახალი კალედონიის და სხვა, საზღვრებს ფარგლებს გარეთ მდებარე დეპარტამენტებისა და რეგიონების მაცხოვრებლების უფლებებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, თავად საფრანგეთში სისტემატურად ხდება უმცირესობებზე ზეწოლა, ამასთანავე, ქსენოფობიურ განცხადებებს და სიძულვილისა და მტრობის რიტორიკას, თავად პარლამენტის ორივე პალატის ოფიციალური პირები და წევრები მიმართავენ.

„ნაწამები და მონებად ქცეული, მილიონობით მოკლული ადამიანის ხსოვნის წინაშე ბოდიშის მოხდა არა მხოლოდ საფრანგეთის ისტორიული დანაშაულის აღიარება იქნება, არამედ დაეხმარება ქვეყანას პოლიტიკური, სოციალური და ჰუმანიტარული კრიზისების დაძლევაში, რომელიც წარმოშობით ალჟირელი მოზარდის პოლიციელის მიერ მოკვლას მოჰყვა. დღეს საფრანგეთი კრძალავს კორსიკულ ენასაც კი და არ იღებს ეთნიკური უმცირესობების კონცეფციას. მაგრამ, ამავე დროს, პარიზი ცდილობს აზერბაიჯანში სომხური უმცირესობის უფლებების დამცველად პოზიციონირებას. ეს არის ორპირობის და ორმაგი სტანდარტების მაჩვენებელი“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, სხვებისთვის ჭკუის დარიგების ნაცვლად, პარიზმა უნდა მიხედოს სიძულვილისა და მტრობის გამოვლინებებს თავად საფრანგეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები