აშშ-ში 8 წლის წინ დაკარგული მოზარდი ცოცხალი იპოვეს

ჰიუსტონში 25 წლის ბიჭი იპოვეს, რომელიც 8 წლის წინ ძაღლებთან სეირნობისას გაუჩინარებული მოზარდი აღმოჩნდა.

ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია ABC-13 იტყობინება.

17 წლის რუდოლფ (რუდი) ფარიასი 2015 წლის 6 მარტს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ძაღლები სახლში მის გარეშე დაბრუნდნენ. გაუჩინარების წინა დღეს ფარიასს დეპრესია, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და შფოთვა დაუდგინეს. პოლიციამ მაშინ მასშტაბური სამძებრო სამუშაო დაიწყო.

შტატის ოფიციალურმა პირებმა ტეხასის საზოგადოებას სთხოვეს, ჩაერთონ მოზარდის პოვნაში და აღნიშნავდნენ, რომ ის შესაძლოა, დეზორიენტირებული იყოს, რადგან რამდენიმე დღის განმავლობაში მედიკამენტებს იღებდა. ბიჭს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, უკვე 13 მარტს პოლიციამ ძებნა ოფიციალურად შეაჩერა და მადლობა გადაუხადა საზოგადოებას დახმარებისთვის.

2 ივლისს კი, “911”-ში ზარი შევიდა, რომ ბიჭი, რომელიც რუდის ჰგავდა, ადგილობრივ ეკლესიასთან წევს და კონტაქტური არ არის. ის საავადმყოფოში მძიმე ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

როგორც რუდის დედა ამბობს, ბიჭი ნაპოვნია ჭრილობებით და სისხლჩაქცევებით მთელ სხეულზე და სისხლით თმაში. ქალი დარწმუნებულია, რომ რუდი მძიმედ არის ნაცემი. ბიჭი ემბრიონის პოზაში წევს და ჯერჯერობით დედას არ ცნობს.

“მას ჰგონია, რომ მას ხულიო ტორეასი ჰქვია და ახლა 14 წლისაა. როცა მიკარებას ვცდილობ, ის ხტება, მას ყველა დეტალი აღიზიანებს, ამიტომ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ძალიან ცოტა რამე ახსოვს”, – ამბობს ფარისის დედა.

ექიმების პროგნოზით, რუდის ხანგრძლივი რეაბილიტაცია ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები